სტოლტენბერგი: "უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი და ნატო კიევის პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს"
16/12/2021 10:52:57 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი და ნატო კიევის პრაქტიკულ მხარდაჭერას გააგრძელებს". ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრა გრძელდება, რაც პროვოკაციულია.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიას.
"პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას განვიხილეთ რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერება უკრაინაში და მის გარშემო. განთავსებულია ათიათასობით საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარი, ტანკები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, დრონები, ელექტრონული ომის სისტემები.ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ ეს სამხედრო წარმოდგენილობა იკლებს, პირიქით – გრძელდება. რუსული ძალების ამ თავმოყრას გამართლება არ აქვს. ეს პროვოკაციულია. ეს არის დესტაბილიზაცია და ძირს უთხრის უსაფრთხოებას ევროპაში. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია მძიმე შედეგებს გამოიწვევს და ამას მაღალი ფასი ექნება.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო მაზდაა რუსეთთან დიალოგისთვის:
"ნატო–ს მოკავშირეები მზად არიან, ისაუბრონ რუსეთთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწვევას მოსკოვში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, რადგან დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც დაძაბულობა მაღალია. ნატო ფხიზლად რჩება და აგრძელებს მოვლენების მონტორინგს".
მან უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა:
"ნატო უკრაინის გვერდით დგას. ყველა მოკავშირე მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ისევე როგორც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერო–ს წესდებაში. ნატო გააგრძელებს კიევის პრაქტიკულ მხარდაჭერას. ნატო–ს მხარდაჭერა უკრაინისადმი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის. უკრაინას უფლება აქვს თავად აირჩიოს უსაფრთხოების ზომები. ეს არის ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი. გადაწყვეტილებას უკრაინის ნატო–ში გაწევრიანებაზე, მხოლოდ უკრაინა და ნატოს 30 მოკავშირე მიიღებს".


