
"ეკლესია ყოველთვის დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე"
15/12/2021 11:58:39 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს. იგი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება ხვალ19:00 საათზე გაიმართება.