პუტინს რუსეთისთვის "უსაფრთხოების იურიდიული გარანტიების" მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებების "დაუყოვნებლივ" დაწყება სურს
14/12/2021 19:30:42 მსოფლიო
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთისთვის "უსაფრთხოების იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიების" გამოსამუშავებლად საერთაშორისო მოლაპარაკებების "დაუყოვნებლივ" და "გადაუდებლად" დაწყების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ კრემლი ორ უცხოელ ლიდერთან მისი სატელეფონო საუბრების შეჯამებისას იუწყება.
პუტინი ჯერ - ნატო-ს არაწევრი ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს, ხოლო შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა.
კრემლის ინფორმაციით, ხსენებული იურიდიული გარანტიები "უნდა გამორიცხავდეს ნატო-ს ნებისმიერ შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და მოსაზღვრე სახელმწიფოებში, უპირველესად უკრაინაში რუსეთისთვის საფრთხის შემცველი შეიარაღების განთავსებას".
ცოტა ხნის წინ პუტინმა მსგავსი იურიდიული გარანტიები პირადი განცხადებით მოითხოვა. მოგვიანებით რუსეთის მოთხოვნების შემცველი დოკუმენტი ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გაჩნდა.


