იტალიამ Covid-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 31 მარტამდე გაახანგრძლივა
14/12/2021 18:49:42 მსოფლიო
იტალიამ Covid-19-ის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 31 მარტამდე გაახანგრძლივა. მისი ვადა დეკემბრის ბოლოს იწურებოდა. მიზეზად Covid-19-ის ახალი შტამის "ომიკრონი" გავრცელება სახელდება.
ამასთან, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა, რომ 16 დეკემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან იტალიაში ჩასვლის მსურველმა ყველა ვიზიტორმა უნდა გაიკეთოს ტესტი გამგზავრებამდე. დღემდე ეს მოთხოვნა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს ეხებოდა.
გარდა ამისა, ვიზიტორს, რომელიც კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის, იტალიაში ჩამოსვლისთანავე ხუთდღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
ბოლო პერიოდში იტალიაში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება, სამშაბათს ინფიცირების 20 677 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 120 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის იტალიაში საავადმყოფოები ნაკლებად გადატვირთულია, ვიდრე ახლომდებარე ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია და გერმანია.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში "ომიკრონის" 27 შემთხვევაა დადასტურებული.


