Accentnews.ge
რა წერია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

რა წერია სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

14/12/2021 15:38:01 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნის თანახმად, ექს–პრეზიენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს ნევროლოგიური და ფსიქიკური პათოლოგიები, მათ შორის, ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ისაუბრა, რომელმაც ბრიფინგზე წარადგინა სამედიცინო დასკვნის ძირითადი მიგნებები.

"პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო რჩება. ნევროლოგიური სიმპომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა, გვაქვს მოსაზრებები, რომელიც დეტალურად გავწერეთ დანართში. 25 ნოემბერს, როდესაც ვიყავით მასთან, მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა ან ვერ შესრულდა რაღაც მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია. ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში, ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია, პოსტტრავმული-სტრესული აშლილობაც და ამ მხრივ, ფსიქოთერაპია დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს“, - განაცხადა ექიმმა თენგიზ წულაძემ.

მან განმარტა, რომ პოსტტრავმულ სტრესში იგულისხმება ე.წ. შუმოკები, გადაყვანის სტრესი, დაპატიმრების სტრესი.

"ადამიანს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა რადგან აქვს, ეს იმას გულისხმობს, რომ სტრესი ზუსტად პენიტენციურ დაწესებულებაში მიიღო, ყველაზე მეტად – გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ არ ვუჭერთ მხარს", – განაცხადა წულაძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ უცვლელად გთავაზობთ:

“2021 წლის 12 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა რიგით მეოთხე ვიზიტი განახორციელა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა. ექსპერტებმა მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. ხაზგასასმელია ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის სრულფასოვანი თანამშრომლობის მზაობა. ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღო ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ.

პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება:

პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

ძირითადი საყურადღებო საკითხები, ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები:

  • ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები;
  • ანემია;
  • რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება;
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია;

სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული.

საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი.

არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.

რეკომენდაციები:

პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა;
  • ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით;
  • ფიზიკური რეაბილიტაცია;

ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექცია დანართში მოცემული დეტალური რეკომენდაციების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი; აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი; მარინე კურატაშვილი; მამუკა მაჩაიძე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S