მედია – სტოლტენბერგს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს
14/12/2021 14:12:29 მსოფლიო
ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს, – იუწყება "Reuters".
მისი ცნობით, სტოლტენბერგმა აღნიშნული თანამდებობის დაკავებისთვის ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთა.
გენმდივნის თქმით, ხსენებული თანამდებობა მას ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა შესთავაზა. ოპოზიციის ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ სტოლტენბერგის დანიშვნის შემთხვევაში, ბანკის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დადგება. მათი თქმით, ნორვეგიაში პოლიტიკოსებს არასდროს დაუკავებიათ ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა.
თუ სტოლტენბერგს ამ თანამდებობაზე დანიშნავენ, იგი ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას მხოლოდ 2022 წლის ოქტომბრიდან შეუდგება, რადგან მას ხსენებული პერიოდიდან ეწურება ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილების ვადა.
სტოლტენბერგს ეკონომიკური განათლება აქვს. იგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო.


