უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "გერმანია, რომელსაც "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაჰყავს, გვიბლოკავს გადაწყვეტილებას, შევიძინოთ თავდაცვითი შეიარაღება"
14/12/2021 12:34:07 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ბერლინს კიევისთვის იარაღის მიწოდების დაბლოკვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან The Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც რეზნიკოვი აცხადებს, გასულ თვეში ბერლინმა ვეტო დაადო გადაწყვეტილებას უკრაინის მიერ "ნატო–ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს" მეშვეობით ანტიდრონების შეიარაღებისა და ანტისნაიპერული სისტემების შეძენის თაობაზე".
"გერმანია, რომელსაც ამჟამად "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის მილსადენი გაჰყავს, გვიბლოკავს გადაწყვეტილებას, შევიძინოთ თავდაცვითი შეიარაღება. ეს ძალიან უსამართლოა", – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, გერმანიის ქმედების შემდეგ უკრაინა შეეცდება იარაღის შეძენას მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ–სთან, დიდი ბრიტანეთთან, ლიტვასა და საფრანგეთთან ორმხრივი გარიგებებით.
გარდა ამისა, რეზნიკოვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასავლეთის მიდგომა "არ მოვახდინოთ რუსეთის პროვოცირება" მცდარია.
"სტრატეგია – "არ მოვახდინოთ რუსეთის პროვოცირება" არ მუშაობს და არც იმუშავებს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ "რუსეთი საქართველოში შეიჭრა მას შემდეგ, რაც ბერლინმა და პარიზმა 2008 წელს ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების გზა დაბლოკეს".
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ამას დამანგრეველი შედეგები ექნება მთელი ევროპისთვის.
კიევის ბრალდებებთან დაკავშირებით გერმანიის ახალი მთავრობის პოზიცია, რომელსაც კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს, ჯერ–ჯერობით უცნობია.
როგორც The Financial Times იუწყება, გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ, რომელიც პასუხისმგებელია იარაღის ექსპორტის დამტკიცებაზე ან ვეტოზე, გამოცემას კომენტარზე უარი განუცხადა. The Financial Times–ის ცნობით, კომენტარზე უარი განაცხადა გერმანიის კანცელარის ოფისმაც.


