პენტაგონი: "ამერიკელი სამხედროების მიერ ქაბულის აეროპორტთან დრონით მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, არავინ დაისჯება"
14/12/2021 08:55:17 მსოფლიო
პენტაგონში აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტთან დრონით მიტანილი იერიშის გამო, რომელსაც ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, არავინ დაისჯება, – იუწყება CNBC.
„ის, რაც ვიხილეთ, იყო პროცესუალური დარღვევა. ეს არ ყოფილა დაუდევრობის, გადაცდომის ან პროცესის ცუდი მართვის შედეგი", – განაცხადა პენტაგონის პრეს–სპიკერმა ჯონ კირბიმ.
პენტაგონის გამოძიებამ დაადგინა, რომ იერიში ომის კანონებს არ არღვევს.
CNBC–ს ცნობით, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, რომელმაც ადრე სამოქალაქო პირების სიკვდილს "საშინელი შეცდომა" უწოდა, ამჟამად პენტაგონის გადაწყვეტილებას დაეთანხმა.
პენტაგონის გადაწყვეტილება მყისიერად დაგმო საქვემოქმედო ორგანიზაციამ "Nutrition & Education International (NEI)", რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი მუშაობდა.
NEI–ს ცნობით, პენტაგონმა ჯერ–ჯერობით ვერ შეასრულა დაპირებები მსხვერპლთა ნათესავების ევაკუაციისა და მათი მკვლელობისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ.
NEI-ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა სტივენ კვონმა პენტაგონის გადაწყვეტილებას "შოკისმომგვრელი" უწოდა:
"როგორ შეიძლება ჩვენმა სამხედროებმა წაართვან ათი ძვირფასი სიცოცხლე ავღანელებს და არავის პასუხისმგებლობა არ დაეკისროს? რა გზავნილს უგზავნის ოჯახის წევრებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ჩემს თანამშრომლებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი კოლეგა? ვთხოვ აშშ-ის მთავრობას, ევაკუაცია მოახდინოს უშუალოდ დაზარალებული ოჯახის წევრებისა და NEI–ს თანამშრომლების, რადგან მათი უსაფრთხოების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პენტაგონი ამ გადაწყვეტილებით აგზავნის სახიფათო გზავნილს, რომ მისი ქმედებები იყო გამართლებული, რაც ზრდის უსაფრთხოების რისკებს და კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ევაკუაციას".
29 აგვისტოს ამერიკელი სამხედროების მიერ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარე რაიონზე მიტანილი იერიშის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის შვიდი ბავშვი დაიღუპა.


