"თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ"
14/12/2021 06:00:29 მსოფლიო
ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით თურქეთი და სომხეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, ორი ქვეყანა ასევე განაახლებს ჩარტერულ ფრენებს სტამბოლსა და ერევანს შორის.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯებთან დაკავშირებით თურქეთი აზერბაიჯანთან კოორდინირებულად მოქმედებს:
"ყველა საკითხზე კოორდინაცია გვაქვს აზერბაიჯანთან. თუ სომხეთი ისწავლის გაკვეთილებს ბოლო მოვლენებიდან და უპირატესობას მშვიდობასა და სიმშვიდეს მიანიჭებს, შესაძლოა, საელჩოც გაიხსნას. ამ საკითხსაც აზერბაიჯანთან ერთად გადავჭრით".


