
„მკვლელია, ვინც არ იცრება! - ეს მინდა, ძალიან მკაცრად ვთქვა და ვისაც რაც უნდა, ის მეძახოს“
13/12/2021 11:08:45 საზოგადოება
„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ - სტუდენტურ კამპანიას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. CU-ის სტუდენტების ორგანიზებით, კამპანიის ფარგლებში, დედაენის ბაღში, ვაქცინაციასთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებელი აქცია გაიმართა. სტუდენტებმა, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს.
„მე პირდაპირ გეტყვით, ვინც არ აიცრება და ვინც არ იცრება, ის მკვლელია. სამწუხაროდ, გუშინ დამეღუპა კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც ზუსტად ასეთ უპასუხისმგებლობას შეეწირა. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რომ ავუხსნათ არა მარტო სტუდენტებს, არამედ - ჩვენ ირგვლივ მყოფ ხალხს, რატომ უნდა აიცრას და რა შუაშია ეს აცრას სხვის გადარჩენასთან“, - განაცხადა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ ჩვენთან საუბრისას.
მისი თქმით: „შეიძლება პატარა სტუდენტს არაფერი დაემართოს, მაგრამ აუცილებლად დაემართება მის მეზობელს, ან - ბებიას, ან - ბაბუას, ან - სხვისი ოჯახის წევრს და აქ, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ეს ხალხი, ვინც სპეციალურად არ იცრება, გამოდის მკვლელი. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ დროზე გაიკეთონ ვაქცინა, რომ მერე მთელი ცხოვრება არ ინანონ იმის გამო, რომ სხვის სიკვდილში წვლილი მიუძღვით.
ჩვენ ძალიან დიდი კამპანია გავწიეთ - დავბეჭდეთ და გავავრცელეთ ბუკლეტები, უამრავი შეხვედრა გავმართეთ უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთაც, თანამშრომლების 99% და სტუდენტების 90% აცრილია. ასე რომ, ჩვენ, ჩვენ წილად, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში შემცირდეს ხალხის გარდაცვალება კოვიდის გამო. უკვე 12000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 100 წლის განმავლობაში საქართველოს არცერთ ომში ამდენი ადამიანი არ დაღუპულა. ეს არის ქვეყნის კატასტროფა, ერის გადაშენების გზაზე დადგომა და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა კახა შენგელიამ.