
აშშ-მა საშუალო დამიზნების ახალი რაკეტა გამოსცადა
20/08/2019 05:01:47 სხვა, მსოფლიო
მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დატოვების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საშუალო დამიზნების ახალი რაკეტა გამოსცადა.
პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაკეტა კალიფორნიაში კუნძულ სან-ნიკოლასიდან გაუშვეს. რაკეტა 500 კილომეტრის დაშორებით განთავსებულ სამიზნეს მოხვდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რაკეტა ბირთვული ქობინით არ იყო აღჭურვილი.
ცნობისთვის: 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმებული ზემოთხსენებული ხელშეკრულება ხმელეთზე ბაზირებული 500-დან 5 500 კმ-მდე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებს. რუსეთმა მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 ივლისს მოაწერა. რაც შეეხება აშშ–ს, ვაშინგტონმა შეთანხმება 2 აგვისტოს დატოვა, რის მიზეზადაც რუსეთის მიერ წლების განმავლობაში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევა დაასახელა.