
დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე აინთო
10/12/2021 16:21:18 საზოგადოება
თბილისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებამდე მოსახლეობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს.
„მივესალმები თბილისს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს, რომლებიც დღეს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან და იქიდან გვადევნებენ თვალს. მინდა, საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან მივულოცო ჩვენს ქართველებს. მინდა, ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა. ყველაფერი ცუდი, რაც იყო 2021 წელს, რა თქმა უნდა, უნდა გავატანოთ წარსულს. [...] ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია, ამიტომ მინდა, ყველას გთხოვოთ მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა. დღეს ყველაზე მეტად, რაც გვაკლია და რაც პრობლემას წარმოადგენს, ეს არის გაუცხოება, ამიტომ უფრო მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთად, ერთიანი შემართებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქევყნის და ქალაქის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ეს ამავდროულად იყო დიდი გარდატეხის წელი":
"რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ნაძვის ხის ანთებით ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ. ახლა მინდა, რომ ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და გისურვოთ, პირველ რიგში, მშვიდობა, ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს მშობლებს. მივესალმები ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა. მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, ოსეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა, რომ ამ სცენიდან მადლობა გადავუხადო ამ რთულ წელს გაწეული საქმისთვის ჩვენს გმირ ექიმებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას მინდა მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების წელი. დიდი მადლობა და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი".
პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ, წელს ახალი წელი ისევ სახალხო იქნება. ქალაქის მთავრობა დედაქალაქის მოსახლეობას გრანდიოზულ გალა-კონცერტს ღია ცის ქვეშ 7 იანვარს, შობის ღამესაც შესთავაზებს.
2022 წლის შესახვედრად მერიის მიერ 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.