ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ნებართვა გასცა
10/12/2021 11:41:45 მსოფლიო
ლონდონის სააპელაციო სასამართლომ პროექტ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ნებართვა გასცა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის მხრივ, შეიძლება, გაასაჩივროს დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ, რაც იმას ნიშნავს, რომ ასანჟს, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის ციხეშია, ახლავე არ ემუქრება აშშ-ში ექსტრადიცია.
ოქტომბერში გამართულ მოსმენაზე აშშ-მა ლონდონის სასამართლოს წარუდგინა გარანტია, რომ ამერიკის ციხეში ასანჟის მიმართ არ იქნება გამოყენებული სპეციალური ადმინისტრაციული ზომები, ანუ მას ექნება სტუმრების მონახულების უფლება და არ მოთავსდება სამარტოო საკანში. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მას არ მოათავსებენ მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის ციხეში კოლორადოს შტატში, თუკი იგი ახალ დანაშაულს არ ჩაიდენს. გარდა ამისა, აშშ თანახმაა, რომ ასანჟმა, თუ აშშ-ის სასამართლო მას პატიმრობას მიუსჯის, სასჯელი მოიხადოს ავსტრალიაში, რომლის მოქალაქეც არის.
ასანჟის იურისტებმა, ასევე ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა პროცესის მსვლელობაში უარყვეს ეს გარანტიები. მათი თქმით, ისინი არ არის საკმარისი.
აშშ-ში ასანჟს 18 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის - ჯაშუშობის თაობაზე კანონმდებლობის დარღვევისთვის. საქმე ეხება WikiLeaks-ის მიერ ამერიკის უწყებების საიდუმლო დოკუმენტების პუბლიკაციას. პროექტი აქვეყნებდა ასევე დოკუმენტებს, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, რუსი ჰაკერების მიერ იყო მოპოვებული 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის დროს. მაგრამ ბრალდება ამ ეპიზოდს არ ეხება. აშშ-ში WikiLeaks-ის დამაარსებელს პრაქტიკულად შეიძლება ემუქრებოდეს სამუდამო პატიმრობა - 100 წელზე მეტი. თუმცა, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ადრე ამ სახის ბრალდებით უფრო რბილი განაჩენი გამოუტანიათ.


