Accentnews.ge
კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ „ალტ-ინფოს“ ფინანსური კავშირების შესწავლას ითხოვს

კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ „ალტ-ინფოს“ ფინანსური კავშირების შესწავლას ითხოვს

10/12/2021 11:02:17 საზოგადოება

კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაარსების შესახებ განცხადებას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლოს „ალტ-ინფოსა“ და მსგავსი პრორუსული დაჯგუფებების საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებსა და მათ ფინანსურ კავშირებს.

ორგანზაციის განცხადებით, კრემლის მიზანს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება და აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების არ დაშვება წარმოადგენს.

"აღნიშნულის მისაღწევად, რუსეთის ერთ-ერთი საშუალება საქართველოში ანტიდასავლური/პრორუსული ძალის გაძლიერება და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლაა. კოალიცია ასევე იხსენებს, რომ 2020 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგი ლავროვმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არსებული ჯერ კიდევ პატარა პრორუსული პარტიები საბოლოო ჯამში გამარჯვებას შეძლებენ. "ალტ-ინფო წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს და მათ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში, საქართველოს მიმართ კოლონიალიზმში, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. „ალტ-ინფო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასრულებასა და დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტას ღიად მოითხოვს. ამასთან, „ალტ-ინფო“ საზოგადოებას მცდარ დილემას უყენებს და მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ საქართველოს თურქეთის გავლენის სფეროდ გადაქცევასა/ისლამიზაციასა და რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნებას შორის. „ალტ-ინფო“ მოცემულ ყალბ დილემაზე პასუხად რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია“, – აცხადებენ კოალიციაში.

ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ „ალტ-ინფო“ ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო რუსულ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში უნდა შევიდეს:

"ამ მიზნით, „ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება საქართველოში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის განთავსებასაც არ გამორიცხავს. მსგავსი პოზიციონირება საქართველოში აქამდე არსებული პრორუსული პარტიებისთვისაც კი უპრეცედენტოა. წარსულში „პატრიოტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ანტი-დასავლური და პრო- რუსული ინტერესების გასატარებლად ყალბი ნეიტრალიტეტისა და სამხედრო მიუმხრობლობის იდეებს იყენებდნენ. წლების განმავლობაში მავნე ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოების გარდა, “ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვნეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალადობისკენ მოწოდების საჯარო განცხადებების ვიდეოჩანაწერები, ამ დრომდე ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მეტიც, დაუსჯელობით წახალისებულმა ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს".

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს:

"ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის როლი, მათ შორის ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით. ამდენად, კოალიცია მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, რომ პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის – „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ“ – რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსული ჰიბრიდული საფრთხეების მასშტაბიდან გამომდინარე დაიწყოს მოკვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლოს „ალტ-ინფოსა“ და მსგავსი პრორუსული დაჯგუფებების საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებსა და მათ ფინანსურ კავშირებს".

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი – IWPR საქართველო

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S