
"წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას"
10/12/2021 10:51:20 პოლიტიკა, საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც 9 დეკემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, წლის ბოლომდე სამინისტროში რჩება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ასევე მთლიანად სისტემისთვის.
„თანამდებობის მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა თავად არ ისაუბრა, მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო, რათა მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ იმ პოზიციიდან, რა პოზიციაზეც ის ფიქრობს აქტივობის გაგრძელებას“, – განაცხადა გაბუნიამ.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა, თამარ გაბუნიამ შემდეგი აღნიშნა: „ჩემი წარდგენა მინისტრად ცალსახად არ განიხილება“.
ტიკარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. მას ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჯანდაცვის გუნდის დაპირისპირებას პრემიერთან უვადო „მწვანე სტატუსის“ თაობაზე.