
გიული ალასანია: "ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს, ლოგინისკენ უჭირავს თვალი"
09/12/2021 13:51:42 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია შვილთან გორის ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ შეუძლოდ გრძნობს თავს. ალასანიას თქმით, სწორედ ამის გამო არ დაესწრო მისი შვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას.
"ხან ზის, ხან წევს... აშკარად სუსტად არის... კარგად რომ არ არის, ვხედავ, დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. ღონე არ აქვს, ასეთი მე ჩემი შვილი არ მახსოვს - სულ მოძრაობაში იყო, რა გააჩერებდა, ლოგინისკენ უჭირავს თვალი... მე რომ მკითხოთ, ამის გადაყვანა თუ იქნება სადმე, უნდა გადაიყვანონ ნორმალურ კლინიკაში. ნამდვილად სჭირდება რეაბილიტაცია", – განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს სასამართლოების მიერ ორ საქმეზე გასამართლებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში შიმშილობის 50-ე დღეს შიმშილობის შემდგომ სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამ დროიდან მისი რეაბილიტაციის პროცესს ექიმები ადევნებენ თვალს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომ მკურნალობის პროცესს გაივლის, მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.