Accentnews.ge
„დაუშვებელია „ფეისბუქით“  სრულიად  უვარგისი  წამლების დოზებისა  და სქემების მიწოდება“

„დაუშვებელია „ფეისბუქით“  სრულიად  უვარგისი  წამლების დოზებისა  და სქემების მიწოდება“

09/12/2021 11:06:54 საზოგადოება

„დაუშვებელია „ფეისბუქით“ სრულიად უვარგისი წამლების, რაღაც დოზებისა და სქემების მიწოდება“, - ასე გამოეხმაურა კოვიდინფიცირებული ადამიანებისთვის „ფეისბუქით“ რჩევების მიცემას ცნობილი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი, რომელიც წლებია საფრანგეთში მუშაობს. მისი თქმით, ძალიან მომრავლდა ასეთი სტატუსები, რაზეც განგაში უნდა ატყდეს, რომ ადამიანებმა შეცდომა არ დაუშვან და დაფიქრდნენ, რამხელა რისკის შემცველია ეს ყველაფერი.

ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი:

- არა მარტო ანტიბიოტიკია საშიში, ნებისმიერი წამალი შეიძლება აღმოჩნდეს შხამი, თუ ის ძალიან ზუსტი ჩვენებით ექიმმა არ დანიშნა. როცა ექიმი პირადად ნახულობს პაციენტს, გამოჰკითხავს და ზუსტად იცის მისი მდგომარეობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკი.

ამიტომ „ფეისბუქზე“ ჩემი სტატუსის დაწერა განაპირობა იმან, რომ სოციალური ქსელით ადამიანები თავს უფლებას აძლევენ და უნიშნავენ სხვებს ანტიბიოტიკებს. სწორედ ამან აღმაშფოთა, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ასე, თან კონკრეტული დოზებით, ნიშნავენ წამალს. შემდეგ იმ ადამიანის სტატუსის კომენტარებიდან ძალიან კარგად ჩანდა, რომ მოსახლეობამ მართლაც აიტაცა ეს სტატუსი.

იყო ისეთი პათოსი, თითქოს ექიმები საქართველოში არ უნიშნავენ კოვიდინფიცირებულებს ანტიბიოტიკებს, რაღაცას მალავენ, რაღაცას არასწორად აკეთებენ და ა.შ.

ზოგადად, ჩემთვის მიუღებელია პრინციპი, როდესაც პაციენტი პირადად არ გინახავს და წამალს ონლაინ უნიშნავ, თვითონ პრინციპი გაუმართლებელია, თანაც, როცა საუბრობ ანტიბიოტიკზე და ჩვენების გარეშე ურჩევ დალევას. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

ანტიბიოტიკების გაუმართლებელი დანიშვნა იმდენად დიდი პრობლემაა, რომ გაერომ ექიმების მოსამზადებელი სპეციალური პროგრამაც კი შექმნა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოამზადოს ისინი ანტიბიოტიკების სწორად დასანიშნად, რადგან მართლაც დიდი პრობლემაა არასწორი დანიშვნა.

ჯერ ერთი, ანტიბიოტიკი შეიძლება იყოს არაეფექტიანი, რადგან სხვადასხვა მიკრობი, სხვადასხვა გამომწვევი არსებობს. საჭიროა, წინასწარ განისაზღვროს, კონკრეტული გამომწვევი არის თუ არა მგრძნობიარე რომელიმე კონკრეტულ ანტიბიოტიკზე. მეორე ძალიან დიდი პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებაა, არასწორად ან ხანგრძლივი დოზირებით ანტიბიოტიკების დანიშვნა აყალიბებს ანტიბიოტიკურ რეზისტენტულობას, ანუ კონკრეტული ანტიბიოტიკები უკვე აღარ მოქმედებს. ადამიანები (და ძალიან ბევრი შემთხვევაა) იღუპებიან იმის გამო, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული შტამები აქვთ. ბოლო დროს რაიმე ახალი ანტიბიოტიკი აღარ გამოჩენილა. სწორედ ძველი ანტიბიოტიკებია და არასწორი მიღებით უფრო და უფრო იზრდება სწორედ - რეზისტენტულობის რისკი. ამიტომ როცა საქმე გვაქვს ანტიბიოტიკებთან, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და ძალიან გამართლებულად უნდა დაინიშნოს ისინი. რაც შეეხება ვირუსულ ინფექციას, არც ერთ ვირუსზე, მათ შორის არც - კოვიდზე, ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ასეთ რჩევებს რომ წერენ, შეიძლება იმედი გაუჩნდეს მოსახლეობას, რომ რაღაც სასწაულმოქმედი ანტიბიოტიკია და დალიოს, ეს კი გაუმართლებელია.

- თქვენ გაგაბრაზათ ერთ- ერთი ექიმის სტატუსმა, რომელიც ანტიბიოტიკ აზიტრომიცინის მიღებას ურჩევდა კოვიდინფიცირებულებს, რა საფრთხის შემცველია თუნდაც ეს პრეპარატი?

- კატეგორიულად დაუშვებელია ამ პრეპარატის მიღება, ასევე - საჯაროდ პოსტის დაწერა და ასევე - დოზების მითითება. შეიძლება გაიქცეს ადამიანი აფთიაქში, იყიდოს ეს მედიკამენტი და მიიღოს. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში ნებისმიერი წამლის ყიდვა ურეცეპტოდაა შესაძლებელი, ესეც ხომ დიდი პრობლემაა.

საფრანგეთსა და სხვა მრავალ ქვეყანაში რეცეპტის გარეშე წარმოუდგენელია ანტიბიოტიკის ყიდვა, ვერც იყიდის და არც იყიდის აქაური მაცხოვრებელი, აზრადაც არ მოუვა, რომ დანიშნულების გარეშე იყოს ანტიბიოტიკი. რეცეპტის მიზანი ის არის, რომ ზუსტად წერია, კონკრეტულ პაციენტს როგორი დოზირება და რა ხანგრძლივობით სჭირდება. ამიტომ რეცეპტის გარეშე, ინტერნეტიდან გაჩენილი იმედებით თვითმკურნალობა ძალიან საშიშია. ამიტომ იყო ჩემი სტატუსიც ასეთი უარყოფითი.

- კიდევ ერთი ქართველი ექიმის სტატუსი დაიდო, ის აზიმაკის მიღებას ურჩევდა კოვიდით დაინფიცირებულებს. იმასაც წერს, რომ მალულად უნიშნავდა პაციენტებს ანტიბიოტიკებს, რადგან გაიდლაინით ეს აკრძალულია.

- მეც ვნახე ეს სტატუსი. არასერიოზულია „ფეისბუქით“ იმის გაცხადება, ამდენი და ამდენი პაციენტი გადავარჩინეო. იქნებ არ გადაარჩინა? ცალსახად ვამბობ, არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა ვირუსული ინფექციის დროს. მიღება ძალიან საშიშია, რადგან არაეფექტიანია. მეორე- ფსიქოლოგიურადაც რთულია, გაუმართლებელი იმედი ჩნდება და მერე არ მართლდება, საერთოდ უკარგავ ამ ადამიანს ჯანდაცვის სისტემის მიმართ ნდობას.

ასეთი განცხადებები ექიმების მხრიდან გაუმართლებელია. არც იმ ხალხის მესმის, რომლებიც „მწვანე პასპორტის“ საკითხს აპროტესტებენ და იძახიან, რომ ეს არის დისკრიმინაცია. დისკრიმინაცია სულ სხვა რამეა, რანაირად არის ეს დისკრიმინაცია, როდესაც ლაპარაკია უფასო აცრაზე, ყველას შეუძლია გაიკეთოს და არ იკეთებს, ეს არ არის დისკრიმინაცია? ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, ძალიან მძიმე დაავადებებისგან გადაარჩინა კაცობრიობა და სიცოცხლე იხსნა. ამის გაგრძელებაა დღეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

გასაგებია, როცა ახალი ვაქცინაა, ახალი დაავადებაა, შიში აქვს მოსახლეობას, ფეხს ითრევს, თავს იკავებს, ეს ნორმალურია, ამას ახსნა არ სჭირდება. მაგრამ ვაქცინაციის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, გამოცდილებაც დაგროვდა, ათეულ მილიარდ დოზაზე მეტია გაკეთებული. ყველა პრეპარტს ახასიათებს გართულება, მაგრამ ეს იმდენად იშვიათია ამ შემთხვევაში, რომ გართულებებზე აღარც ლაპარაკობენ, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს ამ ვაქცინებმა. სიკვდილიანობას და ავადმყოფობის მძიმე ფორმებს მკვეთრად ამცირებს. შეიძლება ვაქცინირებული ადამიანიც დაავადდეს, მაგრამ უფრო მსუბუქი ფორმით და, რაც მთავარია, საავადმყოფოში არ მოხვდება.

- რეინფიცირების შემთხვევები ხშირია საფრანგეთში?

- რეინფიცირება იმდენად ხშირი არ იყო, ახლა უფრო მოიმატა, რადგან შტამები იცვლება. პირველი ორიგინალური ჩინური ვარიანტით რომ იავადა ადამიანმა, მას მერე დრო გავიდა და დღეს შეიძლება უკვე „დელტათი“ დაავადდეს, ახლა გამოჩნდა „ომიკრონი“ და შეიძლება ამითაც დაავადდეს ვიღაც.

რეინფიცირება ხდება სხვა ვარიანტით, როგორც ეს გრიპის დროსაა, ერთხელ გადატანილი გრიპი ხომ არ გიცავს მუდმივად? ყოველ წელს შეიძლება დაგემართოს, ამიტომ ყოველ წელს სავალდებულოა გრიპზე ვაქცინაცია. საფრანგეთში ექიმებისთვის სავალდებულოა ვაქცინაცია, სწორედ ეს მომენტია საინტერესო, აცრას იკეთებ არა მარტო საკუთარი თავის დასაცავად, თუ მუშაობ საავადმყოფოშო და გაქვს კონტაქტი პაციენტებთან, უნდა აიცრა, რომ ისინი არ დააავადო.

ეს მიდგომა ძალიან ძნელად გასაგებია მოსახლეობისთვის - მარტო თავის თავს კი არ იცავენ, იცავენ სხვებსაც, სხვებზეც უნდა იფიქრონ, ასაკოვან ხალხზე, საქართველოში დიდი ოჯახებია და შეიძლება დააავადონ ბებია- ბაბუები, რომლებიც მერე უფრო ძნელად გადაიტანენ ამ დაავადებას. ამიტომ აცრა მარტო საკუთარი თავის დაცვა არ არის, ეს არის სხვების დაცვაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S