კულება– დასავლეთს: "ვითხოვთ ომის თავიდან აცილებაში დახმარებას, თუ ომში აღმოვჩნდით, მაშინ დაგვეხმარეთ ჩვენი არმიის გაძლიერებაში"
09/12/2021 10:36:59 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთის შეკავება ვერ მოხერხდება, არ აქვს მოლოდინი, რომ ნატო-ს ძალები უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად იბრძოლებენ რუსეთის წინააღდეგ. თუმცა აცხადებს, რომ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში დასავლეთის მხარდაჭერას ელოდება.
”ჩვენ ვითხოვთ ომის თავიდან აცილებაში დახმარებას, თუ ალტერნატივა არ დაგვრჩა, რუსეთის მიერ ომის დაწყების სურვილის გამო, მაშინ დაგვეხმარეთ ჩვენი არმიის გაძლიერებაში", - განაცხადა კულებამ Sky News–სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, კრემლის შეკავების მიზნით ის მუშაობს ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო.
Sky News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, დმიტრო კულებამ უპასუხა, რომ ეს ფასი პუტინისთვის „აუტანელი“ უნდა იყოს.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა გავხადოთ ეს ფასი აუტანელი პუტინისთვის. მათ (ჩვენს პარტნიორებს) შეუძლიათ ეკონომიკური დარტყმის მიყენება. ჩვენ ვიბრძოლებთ ადგილზე, ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება, ვიმედოვნებთ, პრეზიდენტ პუტინს არ სურს ეს მოხდეს", - აღნიშნა კულებამ.


