
ჩინეთის ელჩი განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს
09/12/2021 10:36:48 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთის ელჩს ელიან. საქმე დამასკოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში გამართულ შეხვედრას ეხება, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, სირიაში ჩინეთის ელჩი ფენ ბიაო და "სირიის რესპუბლიკაში აფხაზეთის ელჩი" ბაგრატ ხუტაბა მონაწილეობდნენ.
"შედგა კომუნიკაცია საქართველოში ჩინეთის ელჩთან და ველოდებით მის მოსვლას უწყებაში განმარტებისთვის, ასევე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ცნობებს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილი აქვს გაუგებრობას, რაზეც გაკეთდება შესაბამი განმარტება. ჩინეთში საქართველოს საელჩოს ასევე ჰქონდა კომუნიკაცია ჩინეთის საგარეო უწყებასთან. ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას" - განუცხადეს "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.
აღსანიშნავია, რომ ეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა არ იყო იმ ქვეყნების დიპლომატებთან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს აღიარებენ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე გავრცელდა ცნობები იმავე სირიაში პაკისტანისა და იემენის ელჩებთან ბაგრატ ხუტაბას შეხვედრების თაობაზე. მაშინ ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ "საოკუპაციო რეჟიმები უცხოელ დიპლომატებთან კონტაქტების დამყარების იმიტირებას ცდილობდნენ.
რაც შეეხება სირიაში ჩინეთის ელჩთან შეხვედრას, სოხუმში ირწმუნებიან, რომ "აფხაზეთი და ჩინეთი ერთიან ფრონტად გამოდიან სირიის არაბული რესპუბლიკის მხარდაჭერის საკითხში" და იმედოვნებენ, რომ "მხარეები შეძლებენ, დაიწყონ ნაყოფიერი მუშაობა ჰუმანიტარული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დასამყარებლად".
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება «ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამართლიანობაზე, პარტნიორების ინტერესთა პატივისცემაზე დაფუძნებულ და დადებით შედეგზე მიმართულ მიდგომას თავის საგარეო პოლიტიკაში».
«რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა და სტრატეგიული ურთიერთქმედება წარმოადგენს ფუნდამენტს უფრო სამართლიანი, პოლიცენტრისტული მსოფლიო წყობის ფორმირებისთვის, რომელშიც ყველა ხალხის უფლებას პატივს სცემენ და დააფასებენ. ჩინეთმა, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ზესახელმწიფომ, აირჩია საერთაშორისო ურთიერთობების კონსტრუქციული და შემოქმედებითი მონაწილის როლი, რომელიც თავის საქმიაობაში მტკიცედ ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაერო-ს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ჩინეთს თანმიმდევრულად შეაქვს საკუთარი წვლილი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე სხვა რეგიონებში ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების ჰუმანიტარული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობით. ჩინეთის რესპუბლიკის როლი ჩენთვის მეგობრული სირიის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში იქნება საკვანძო რუსეთის ფედერაციისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის როლთან ერთად», – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. გასული წლის ოქტომბერში დამასკოში "აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩო" გაიხსნა. თბილისში მაშინ იმედოვნებდნენ, რომ "სირია დემოკრატიული განვითარების გზას დაადგებოდა" და გაიწვევდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას.