
საქართველო „3+3“ ფორმატის წინასწარ სხდომაზე წარმოდგენლი არ იქნება
09/12/2021 09:27:41 საგარეო პოლიტიკა
საქართველო რეგიონული თანამშრომლობის „3+3“ ფორმატის წინასწარ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს,– ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში განუცხადეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ოფიციალური თბილისი ხსენებულ პლატფორმაში ჩართულობას არ განიხილავს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“,– განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
პირველი შეხვედრა 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე.
რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) შექმნის აუცილებლობის თაობაზე, რომელსაც ბევრი ექსპერტი რეგიონიდან დასავლეთის განდევნის მცდელობად განიხილავს, გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის, ირანის და რუსეთის ლიდერებმა. თბილისში კი აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რაც შეეხება სომხეთს, როგორც ამასწინათ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, "სომხური მხარე შეიძლება, დაინტერესებული იყოს "3+3" ფორმატით, თუ გამოიკვეთება, რომ მის ფარგლებში არ იქნება განხილული საკითხები, რომლებსაც ერევანი სხვა ფორმატებში განიხილავს" და თქვა ისიც, რომ წინასწარ სხდომაზე ოფიციალური ერევნის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი.
მიუხედავად მსგავსი სამზადისისა, კონფლიქტოლოგთა ნაწილი ფორმატს „მკვდრადშობილს“ უწოდებს პოტენციურ მონაწლეთა აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესების გამო.