
აპატურაი - გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციაზე: "NATO ამ ქმედებების შეწყვეტას კვლავ ითხოვს"
19/08/2019 13:00:35 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის "უკანონო ქმედებად" აფასებს.
"საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, სოფელ გუგუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაახლეს ღობეების დამონტაჟება და გადაადგილება. ეს დამატებით სირთულეებს ქმნის, წყვეტს რა ხალხს საკუთარ მიწას, ოჯახსა და მეგობრებს. ეს უკანონო ქმედებაა. NATO კვლავ ითხოვს ამ ქმედებების შეწყვეტას და გაუქმებას. NATO აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში"-წერს აპატურაი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა. ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა.