
წულუკიანმა სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელები უკონკურსოდ დანიშნა
08/12/2021 07:24:00 საზოგადოება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელები უკონკურსოდ დანიშნა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად – რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად – რობერტ სტურუა.
სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ.
ამასთან, ოთხ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. კერძოდ, კონკურსი გამოცხადდა გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად.