
პენიტენციური სამსახური სააკაშვილის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს
08/12/2021 04:17:59 საზოგადოება
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მისთვის შეხვედრების შეზღუდვის და ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ.
სამსახურმა სააკაშვილის პასუხად გვიან ღამით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილთან მე-18 დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს:
„ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას“.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებითვე, მე-18 დაწესებულების დირექტორის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო:
„ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი“.
პენიტენციური სამსახურის თანახმად, ამ ეტაპზე სააკაშვილი შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან.
7 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის პასუხად, მასთან მივიდა გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც მისი „წამების მონაწილეები ამოიცნო“:
„გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას (გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ), დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარება(ეს უკვე დღეს), რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას“.
სააკაშვილი ამბობს, რომ წყვეტს მკურნალობას, სანამ არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ დისციპლინურ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურად დაშვებას.
7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:
- ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
- მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
- რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
- რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.
სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური - 2000 ლარით.