პუტინთან ონლაინ–შეხვედრის შემდეგ ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავს
07/12/2021 17:57:10 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ონლაინ–შეხვედრის შემდეგ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ თეთრი სახლში განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენმა პუტინთან ონლაინ–შეხვედრამდეც ისაუბრა ხსენებული ქვეყნების ლიდერებთან.
"აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების თავმოყრისა და რუსეთის მზარდი ხისტი რიტორიკის გამო. მათ მოუწოდეს რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შეთანხმდნენ, რომ მინსკის შეთანხმებების განხორციელებით დონბასში კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ბრიტანეთი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებთან და ევროკავშირის წევრ პარტნიორებთან, რათა შეიმუშაონ კოორდინირებული და ყოვლისმომცველი მიდგომა", – აცხადებდნენ თეთრ სახლში.


