ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ონლაინ-შეხვედრას მართავენ
07/12/2021 16:12:26 მსოფლიო
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჯო ბადენი და ვლადიმირ პუტინი ონლაინ–შეხვედრას მართავენ.
პუტინი სოჭში იმყოფება, ბაიდენი – ვაშინგტონში, თეთრ სახლში.
საუბარი პრესისგან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოლაპარაკებების თაობაზე ერთობლივი განცხადების გაკეთება არაა დაგეგმილი.
როგორც თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, შეერთებული შტატების მიზანია, დაარწმუნოს რუსული მხარე, შეწყვიტოს უკრაინის საზღვართან სამხედროების მობილიზება. გარდა ამისა, მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესში ბაიდენი და პუტინი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხს, მათ შორის სტრატეგიულ სტაბილურობასა და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტის საუბრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასა და რუსეთის საზღვრებისკენ ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მისი ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ისაუბრებენ ასევე ავღანეთში შექმნილ სიტუაციაზე, ლიბანის, ირანისა და სირიის საკითხზე.


