უკრაინის თავდაცვის მინისტრი შესაძლო რუსული აგრესიის მიზნებსა და შედეგებზე საუბრობს
07/12/2021 14:04:58 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი CNN–სთვის მიცემულ ინტერვიუში შესაძლო რუსული აგრესიის მიზნებსა და შედეგებზე საუბრობს. ამასთან, მან აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ერთგვარი რჩევითაც მიმართა და კიევის ამჟამინდელ ქმედებებზეც გაამახვილა ყურადღება.
შესაძლო რუსული აგრესიის შედეგები

რეზნიკოვის განცხადებით, თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება "სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა" იქნება და "რუსებიც კუბოებით დაბრუნდებიან რუსეთში".
ამასთან,მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ აგრესიას "მთელი ევროპის კონტინენტისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება":
"დაახლოებით 4-5 მილიონ უკრაინელს, შესაძლოა, დასჭირდეს თავშესაფარი ევროპაში".
გარდა ამისა, როგორც მინისტრმა განაცხადა, უკრაინა ევროპისა და აფრიკისთვის სურსათის მთავარი მიმწოდებელია, რაც ახალი აგრესიის შემთხვევაში, მისი თქმით, შეფერხდება.
კრემლის მიზნები

რეზნიკოვი აღნიშნავს, უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი რუსული ძალა "უკრაინაში შესაჭრელად საკმარისი არ არის":
"ჩვენი მონაცემებით, ამჟამად ჩვენს საზღვრებთან რუსეთს 95 000 ჯარისკაცი ჰყავს, აშშ–ის დაზვერვის ცნობით, – 175 000. ჩვენ ოფიციალურად გვყავს 250 000 ჯარისკაცი. გარდა ამისა, 400 000 ვეტერანი და 200 000 რეზერვისტი. 175 000 სამხედრო მოსამსახურე საკმარისი არ არის უკრაინაში "წასასვლელად".
როგორც მინისტრი მიიჩნევს, რუსეთი მიზნად ისახავს, დათესოს შიში და არეულობა უკრაინაში, რათა დააბრკოლოს კიევის სვლა ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ:
"თუ ჩვენ გავიზიარებთ ან გავავრცელებთ პანიკას ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს საზოგადოებაში, ეს იქნება საჩუქარი კრემლისთვის, რადგან ისინი სწორედ ამას ცდილობენ. რადგან მათი ჯარების თავმოყრა ჩვენს საზღვრებთან ემსახურება მთავარ მიზანს – წავიდეს დესტაბილიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნის შიგნით და შევჩერდეთ ჩვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ მივდივართ ნატო–სა და ევროკავშირისკენ".
შეგახსენებთ, რომ კრემლი ითხოვს სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით უკრაინის ჩათვლით და რომ ნატო–ს სამხედრო ინფრასტრუქტურა ისევე, როგორც სარაკეტო სისტემები ქვეყანაში არ აშენდება.
მინისტრის რჩევა ბაიდენს
![]()
რეზნიკოვი მიმართავს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელმაც დღეს რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ონლაინ–შეხვედრა უნდა გამართოს, რომ მტკიცედ დადგეს მოსკოვის წინააღმდეგ.
"ჩემი რჩევა პრეზიდენტ ბაიდენისადმი იქნებოდა, რომ განუცხადოს პრეზიდენტ პუტინს, რომ "წითელი ხაზი" არის უკრაინა და რომ შეჭრაზე ცივილიზებული სამყარო უყოყმანოდ მოახდენს რეაგირებას", – განაცხადა რეზნიკოვმა.
რას აკეთებს კიევი
რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის არმიამ გაგზავნა მოთხოვნა მისი მოკავშირეებისგან დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის დახმარების შესახებ, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერისა და ასევე საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების წვრთნის თაობაზე.
"ჩვენ არ გვჭირდება ჯარები, რადგან ვფიქრობ, არც ისე სამართლიანია, ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპონ უკრაინაში. არა, ჩვენ ეს არ გვჭირდება", - დასძინა რეზნიკოვმა.


