
კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის გაგრძელების წინაპირობას ასახელებს
07/12/2021 10:37:12 პოლიტიკა
მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენითაც განვიხილოთ, ძალიან მკაფიო წინაპირობით, ოპოზიციამ ნეგატიური დღის წესრიგი შეცვალოს პოზიტიურით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციის ნეგატიურ დღის წესრიგში იგულისხმება მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით და დისკუსიის გაგრძელების ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ამაზე საუბარი ერთხელ და საბოლოოდ შეწყდეს.
„საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებაზე საუბარი ზედმეტია იმ პირობებში, როდესაც რადიკალური დღის წესრიგი არ იცვლება პოლიტიკური პარტიების მხრიდან; თუმცა, ისინი თუ მოახერხებენ დღის წესრიგის შეცვლას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, განახლდება დისკუსია. პირველი მოსმენით არის ეს კანონპროექტი მიღებული. მზად ვართ, რომ მეორე მოსმენითაც განვიხილოთ ეს კანონპროექტი, ოღონდ ამას აქვს ძალიან მკაფიო წინაპირობა, წინაპირობა არის ის რომ თავიანთი ნეგატიური დღის წესრიგი მათ უნდა ჩაანაცვლონ პოზიტიური და კონსტრუქციული დღის წესრიგით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ნეგატიურ დღის წესრიგზე საუბრისას იგულისხმება თუ არა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
„მათ შორის, ნეგატიურ დღის წესრიგში იგულისხმება ბუნებრივია ეს ე.წ. მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რაც დგას მათი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ე.წ. ვირტუალური 43%-იანი ბარიერი 4%-იანი ფორით გადავლახეთ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს მოთხოვნა არის ნეგატიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი და ესეც არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ამაზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს“.