მედია – თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის და მოსკოვს მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს
07/12/2021 08:59:35 მსოფლიო
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედროებს გაგზავნის და პარალელურად, მოსკოვის წინააღმდეგ ახალ, მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს შემოიღებს, – იუწყება The Guardian შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
"გარდა ამისა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს დღეს ონლაინ ფორმატში საუბრისას მკაფიოდ ეტყვის, რომ აშშ არ გამორიცხავს უკრაინის მომავალ წევრობას ნატო–ში", – ციტირებს The Guardian ამერიკელ ოფიციალურ პირს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ "უკრაინაში რუსეთის პირველმა სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია მეტი ამერიკული ჯარისა და ტექნიკის განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში და ახალი აგრესიის შემტხვევაშიც მსგავსი პასუხი იქნება".
"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშრეებისგან იქნება მოთხოვნა დამატებითი ძალების, შესაძლებლობების და წვრთნების ჩატარების შესახებ და იქნება დადებითი პასუხი შეერთებული შტატებისგან", – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.
მისივე თქმით, "აშშ ცდილობს, არ აღმოჩნდეს ისეთ ვითარებაში, რომ საპასუხო ზომები ფოკუსირებული იყოს ამერიკული სამხედრო ძალის პირდაპირი გამოყენებაზე".
ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ არ გაამჟღავნებს "პრეზიდენტის პოზიციას იმ საკითხზე, თუ რა ვითარებაში შეიძლება, ჩაერთოს ამერიკელი სამხედროები".
The Guardian–ის ცნობით, თეთრ სახლში ცალსახად აცხადებენ, რომ პუტინის მოთხოვნა, ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდეს, შეხვედრის დროს არ იქნება განხილული.
„აშშ მუდმივად უჭერს მხარს პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს რჩება აშშ-ის პოლიტიკად დღეს და ასე იქნება მომავალშიც“, – აცხადებს აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.


