
"ისტორიის IX კლასის წიგნებში ფაქტები აღწერილია კომპეტენტურად და გამართულად"
06/12/2021 12:11:08 საზოგადოება
განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მე-9 კლასის ისტორიის ორივე ახლადგრიფირებულ სახელმძღვანელოში საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები კომპეტენტურად, გამართულად და მრავალმხრივად არის აღწერილი.
"წიგნებში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი. პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები. წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე. ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ნაცვლად მმართველობაში მოვიდა "ქართული ოცნება". სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ. შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა. ასევე, მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა ასოცირების შესახებ შეთანხმებამ. ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად", - აცხადებს განათლების სამინისტრო.
5 დეკემბერს "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც მისი თქმით, "ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ადიდებენ".