მიანმის ოპოზიციის ლიდერს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
06/12/2021 10:23:07 მსოფლიო
მიანმის ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩჟის 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ იგი კორონავირუსული პანდემიის პერიოდში მოქმედი შეზღუდვების დარღვევასა და შუღლის გაღვივებაში სცნო დამნაშვედ.
ეს ოპოზიციონერის მიმართ პირველი განაჩენია ზამთარში ქვეყნის სათავეში ხუნტის მოსვლის შემდეგ. სახელმწიფო ექს-მრჩეველს კიდევ რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში სასჯელის ვადამ შესაძლოა, 100 წელს გადააჭარბოს.
აუნ სან სუ ჩჟი 76 წლისაა. 2016 წელს მან სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა დაიკავა და ფაქტობრივად მიანმის მთავრობას ჩაუდგა სათავეში.
1 თებერვალს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. როგორც ხუნტამ განაცხადა, გასული წლის შემოდგომის არჩევნებში აუნ სან სუ ჩჟის პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება ფალსიფიკაციის შედეგი იყო და ივლისის ბოლოს საარჩევნო შედეგების ანულირება გამოაცხადა.
ქვეყნის სათავეში ხუნტის მოსვლის შემდეგ მალევე დაიწყო მასობრივი პროტესტი. მიტინგების დარბევის დროს ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.


