ბრიუსელში კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
06/12/2021 06:25:11 მსოფლიო
ბრიუსელში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია პოლიციის და დემონსტრანტების დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც მედია იუწყება, ბელგიის დედაქალაქის ცენტრში აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, დემონსტრანტების ჯგუფმა დაიწყო პოლიციელებისთვის პეტარდების და ქვების სროლა, პოლიციამ კი, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი.
დაკავებულია 20-მდე პირი.
ბრიუსელის პოლიციის ცნობით, 5 დეკემბერს გამართულ აქციაში დაახლოებით 8000 ადამიანი მონაწილეობდა.
ბელგიის მთავრობამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ისევ სავალდებულო გახადა დამცავი ნიღბების გამოყენება, მათ შორის 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშებისთვისაც, შეზღუდა დახურულ შენობებში ღონისძიებების გამართვა და აუცრელებს აუკრძალა რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში შესვლა.
შეზღუდვების და გარკვეული ჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ, გასული კვირის ბოლოს საპროტესტო აქციები გაიმართა გერმანიასა და ავსტრიაშიც.


