ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს
06/12/2021 06:12:08 მსოფლიო
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა უკრაინის სამხედრო ატაშეს და უკრაინის სამხედროებს ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევაში დასდო ბრალი.
როგორც ოფიციალური მინსკი ამტკიცებს, უკრაინის ვერტმფრენი Mi-8 დაახლოებით ერთი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა ბელარუსის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტ ნოვაია რუდნის მიდამოებში.
სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა საზღვრის მახლობლად სწავლებას ატარებს „ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ბრალდებითი რიტორიკის ფონზე“, რაც ნათელყოფს ბელარუსის უსაფრთხოებისთვის მუქარას სამხრეთის მიმართულებით.
საპასუხოდ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ არავითარი საზღვრის დარღვევა არ მომხდარა. უკრაინის მხარე არ უარყოფს, რომ ბელარუსის საზღვართან ნოემბრის ბოლოდან მოკიდებული ტარდება სასწავლო ოპერაცია „პოლესიე“. მესაზღვრეები ემზადებიან საზღვრის შესაძლო უკანონო გადმოკვეთისთვის ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩასული მიგრანტების მიერ, რომელთაგან რამდენიმე ათასი იმყოფება ბელარუსში.
ორ ქვეყანას შორის დავა მოხდა კიევსა და მინსკს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე. უკრაინამ დაგმო ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობის გამო და სანქციები დაუწესა მას. თავის მხრივ, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიაჩნია, ასევე პირობა დადო, რომ თუკი „უკრაინა შეეცდება რუსეთთან კონფლიქტის გაჩაღებას,“ მაშინ „ბელარუსი განზე არ გადგება“. უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსების ნაწილი გამოთქვამს შიშს, რომ რუსეთმა შესაძლოა ბელარუსის ტერიტორია გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ჰიპოთეზური იერიშის დასაწყებად.


