აშშ-ის დაზვერვა: "რუსეთი ამჯერად უფრო ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება"
04/12/2021 09:51:31 მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას რუსეთი 2022 წლის დასაწყისში გეგმავს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან 175 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული და სამხედრო თავდასხმას სხვადასხვა მხრიდან გეგმავს.
დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მიერ მობილიზებული ჯარის ნახევარი უკვე განთავსებულია უკრაინის საზღვრის მახლობლად, სხვადასხვა პუნქტებში. რუსეთი მიზნად ისახავს 100 ტაქტიკური ჯგუფის გადაყვანას სხვადასხვა პუნქტში ჯავშანტექნიკასთან, არტილერიასთან და აღჭურვილობასთან ერთად.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის არასაიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც მოიცავს სატელიტით გადაღებულ სურათებს, ნაჩვენებია, რომ რუსული ძალები ოთხ ადგილას გროვდებიან და ამჟამად 50 ტაქტიკური ჯგუფია განთავსებული უკრაინის საზღვართან ახლოს ტანკებთან და არტილერიასთან ერთად.
აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, რუსეთი ამჯერად უფრო ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება. რუსეთი უკრაინის ჯარებს იძულებულს გახდის, იბრძოლონ რამდენიმე ფრონტზე, რაც მიზნად ისახავს კიევის სწრაფ კაპიტულაციას და არა დიდი ტერიტორიების დაკავებას.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სტრატეგია რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს გამოიყენა.
იხილეთ ასევე: პასუხი პუტინს: "დასავლეთი შანტაჟის ქვეშ არ ექცევა"


