"დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება ახალი ვაქცინა "ომიკრონის" წინააღმდეგ"
03/12/2021 12:45:49 მსოფლიო
BioNTech–ის აღმასრულებელი დირექტორი უგურ შაჰინი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" წინააღმდეგ ახალი ვაქცინის შექმნა იქნება საჭირო. როგორც მან აღნიშნა, როდისთვის იქნება ის მზად ჯერ–ჯერობით უცნობია.
"მიმაჩნია, რომ დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ დაგვჭირდება ახალი ვაქცინა ამ ახალი ვარიანტის წინააღმდეგ", – განაცხადა, Reuters–ის ცნობით, შაჰინმა.
მისი თქმით, "ომიკრონი" საპასუხოდ "BioNTech–მა მის მიერ შექმნილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ადაპტირება სწრაფად უნდა მოახდინოს.
ამასთან, მას აქვს, მოლოდინი, რომ მუტაციების მიუხედავად, სადღეისოდ არსებული კოვიდ–საქინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი პირები "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში დაავადების გართულებისგან დაცულები იქნებიან:
"ომიკრონმა" შესაძლოა, ვაქცინირებული ადამიანებიც დააინფიციროს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აცრილი პირები ინფიცირების შემთხვევაში დაცულნი იქნებიან დაავადების მძიმე ფორმებით განვითარებისგან".
როგორც შაჰინმა აღნიშნა, იქედან გამომდინარე, რომ ვირუსი მუტაციებს განიცდის, სავარაუდოდ, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა პირს ყოველწლიურად დასჭირდება, როგოც ეს სეზონური გრიპის შემთხვევაშია.
არის თუ არა "ომიკრონი" უფრო გავრცელებადი, ვიდრე კორონავირუსის სადღეისოდ არსებული შტამები და იქნება თუ არა მის წინააღმდეგ ეფექტური უკვე არსებული ვაქცინები, მეცნიერის თქმით, ეს ამ ეტაპზე კვლევის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ BioNTech-მა და Pfizer Inc-მა ერთად შექმნეს ერთ-ერთი პირველი ვაქცინა Covid-19-ის წინააღმდეგ.


