
"კოვიდ-გადატანილებისთვის "მწვანე პასპორტის" მოქმედების ვადა შესაძლოა, გადაიხედოს, წარვადგენთ რისკებს და ვიმედოვნებ, ეს რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“
02/12/2021 19:44:50 პოლიტიკა, საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში „მწვანე პასპორტის“ მუშაობის პრინციპი შესაძლოა, გადაიხედოს.
„რა თქმა უნდა, საქართველოც ზრუნავს იმაზე, რომ ახალი შტამისთვის მზაობა გამოაცხადოს და დამატებითი პრევენციული ღონისძიებები მიიღოს. გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც ჩვენ სამშაბათს საბჭოზე წარვადგენთ, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე, აღსრულების სხვა მექანიზმებს. შეიძლება, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტის მოქმედების ვადაც გადაიხედოს. სამეცნიერო პრაქტიკაში ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ, რომ ეს უვადო იყოს. საბჭოზე წარვადგენთ ამ რისკებს და რისკების გათვალისწინების შემთხვევაში, იმედს ვიტოვებთ, ეს დამატებითი რეკომენდაციები საბჭოს მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.