
ტიკარაძე განმარტავს, რატომ არ მოქმედებს სადღეისოდ "მწვანე პასპორტი" საზოგადოებრივ ტრანსპორტში
02/12/2021 19:35:29 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სადღეისოდ"მწვანე პასპორტი" საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც რომ გავრცელდეს, „ეს იქნება ფიქტიური რეგულაცია“.
ამასთან, მან რეგულაციების გამკაცრება არ გამორიცხა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში "ომიკრონის" შტამი გამოვლინდება.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, უახლოეს მომავალში გაფართოვდეს იმ ობიექტებისა და სივრცეების ჩამონათვალი, სადაც "მწვანე პასპორტის" წარდგენა სავალდებულო იქნება, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვინაიდან საქართველოში ახალი შტამი დაფიქსირებული არ არის, ამ გადაწყვეტილების მომდევნო კვირაში მიღება სწორი არ იქნება.
„ამ ეტაპზე, ვინაიდან საქართველოში "ომიკრონის" შტამი დაფიქსირებული არ არის, არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ გადაწყვეტილების სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე მიღება. ეს არის ერთი პასუხი. გარდა ამისა, შემთხვევითი არ არის იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც კოვიდსაშვი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად დავაკვირდეთ კოვიდსაშვის რეგულაციებს, მისი მოქმედების მექანიზმს დავაკვირდეთ, აღსრულების მექანიზმი გავაკონტროლოთ და შემდეგ უკვე, ეს ეტაპობრივად გადავიტანოთ სხვა სექტორებზე. რაც შეეხება ტრანსპორტს, გეთანხმებით, რომ ტრანსპორტი შეიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება, რეგულაცია დაწესდეს მხოლოდ რეგულაციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული რეგულაცია აღსრულებადი იყოს. ტრანსპორტის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, რომ ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია. ამისთვის, ჩვენ ინტენსიურად გავდივართ კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება, ტრანსპორტში ამოქმედებული მწვანე საშვი იყოს მეტად უფრო აღსრულებადი და კონტროლირებადი. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, რა რეკომენდაციებს გავცემთ და როგორი იქნება შემდგომში რეგულაციები ტრანსპორტთან მიმართებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.