ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღეს
02/12/2021 19:29:13 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ბელარუსის ხელისუფლებას და მასთან ასოცირებულ კომპანიებს ახალი სანქციების დაუწესა. მიზეზად ევროპის საზღვართან მიგრანტთა კრიზისი სახელდება. ამჯერად სანქციების ქვეშ აღმოჩნდა 12 კომპანია, 20 პირი, 2 თვითმფრინავი და ერთი შვეულმფრენი.
ფიზიკურ პირებს შორის შეზღუდვა გავრცელდება ასევე ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილზე დმიტრიზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანატოლი ლაპოსა და ჰოკეის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ დმიტრი ბასკოვზე.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში შემდეგი კომპანიები შეიყვანა: „ბელტექექსპორტი“, „სლავკალიუმი“(რომელსაც სანქციებში მოხვედრილი შვეულმფრენი ეკუთვნის), „ბელარუსის კალიუმის კომპანია“, „ცენტრკურორტი“ და „პრეზიდენტის სპორტული კლუბი“, რომელსაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას შვილი, დმიტრი ლუკაშენკო ხელმძღვანელობს.
ვაშინგტონის პარალელურად, მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციები ევროკავშირმაც დაუწესა. ევროპული სანქციების ქვეშ აღმოჩნდა 17 ფიზიკური პირი და 11 ორგანიზაცია, მათ შორის – საავიაციო გიგანტო „ბელავია“ და სახელმწიფო საწარმო გაერთიანება „ბელარუსნავთი“. ეს უკვე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციათა რიგით მეხუთე პაკეტია.
ევროკავშირი ბელარუსის რეჟიმს ადანაშაულებს მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურად შექმნაში. ევროკავშირში ეჭვობენ, რომ ბელარუსის რეჟიმს ქვეყანაში ორგანიზებულად ჩაჰყავს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებიდან და მათ გზას უხსნის მეზობელი ლიეტუვისა და პოლონეთისკენ.


