
„სირცხვილიას“ ოფისთან მდუმარე აქცია სახელწოდებით „ლექსო ლაშქარავას ხსოვნას“ გაიმართა
02/12/2021 16:00:08 საზოგადოება
„სირცხვილიას“ ოფისთან მდუმარე აქცია სახელწოდებით „ლექსო ლაშქარავას ხსოვნას“ გაიმართა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „სირცხვილიას“ ოფისთან ლექსოს ფოტოები და სანთლები მიიტანეს და დაღუპული ოპერატორი გაიხსენეს.
"მახსენდება, რომ მე ვიყავი ლექსოს ბოლო რესპონდენტი. მე ჩამწერა, კართან მივაცილე და უკვე ამორბოდნენ [თავდამსხმელები] კიბეებზე. ვუთხარი, არ გინდა-თქო, მითხრა, ნუ გეშინიაო, მე არაფერს არ მიზამენო. [...] დღეს არც ერთი რეალური თავდამსხმელი არ არის დაპატიმრებული“, – აცხადებს „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ჯერ ისევ თავისუფლებაზე არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.
დღეს ლექსოს დაბადების დღეა. იგი 38 წლის გახდებოდა.