Accentnews.ge
"ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა შემდგომი აგრესია, მოვუწოდებთ მოსკოვს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

"ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა შემდგომი აგრესია, მოვუწოდებთ მოსკოვს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

02/12/2021 14:31:02 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი ჰელსინკის დეკლარაციის პრინციპების დარღვევას აგრძელებს. ამის შესახებ მან ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ჰელსინკის დეკლარაციის პრინციპების დარღვევას და არაერთხელ დააბრკოლა ეუთო–ს მუშაობა. ის პასუხისმგებელია იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ეუთო–ს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინაში ყოველდღიურად აწყდება. ყირიმის ძალისმიერი გზით ხელში ჩაგდებამ უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ყირიმელ თათრებს, ეთნიკურ უკრაინელებსა და სხვებს, რომლებიც მშვიდობიანად ეწინააღმდეგებიან რუსულ ოკუპაციას. და როგორც გუშინ განვაცხადე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ მოვუწოდებთ მოსკოვს, პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უკან გაიყვანოს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი ჯარები, დააბრუნოს თავისი ძალები მშვიდობიან პოზიციებზე და შეასრულოს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვალდებულება და ეუთო–ს დამკვირვებლებისთვის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფა", – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, დიპლომატია არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზა ამ კრიზისის გადასაჭრელად და მინსკის შეთანხმება რუსეთმაც უნდა შეასრულოს.

"დიპლომატია არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზა ამ კრიზისის გადასაჭრელად და აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს მას. ბატონი სერგეი ლავროვი მინსკის შეთანხმებების განხორციელებაზე საუბრობდა. ჩვენ სრულად ვეთანხმებით მას. მოდით, გავყვეთ ფაქტებს: არსებობს მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც ორივე მხარემ აიღო მინსკის შეთანხმების დროს. დღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება რუსეთის მიერ არ სრულდება, მძიმე შეიარაღების გაყვანის ვალდებულება რუსეთის მიერ არ სრულდება, ეუთო–ს მონიტორინგის შეუზღუდავი დაშვების ვალდებულება რუსეთის მიერ არ სრულდება. მე შემიძლია ამ ჩამონათვალის გაგრძელება. მგონი, ხვდებით, რისი თქმაც მსურს. ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება და თუ ჩვენი რუსი მეგობრები მზად არიან შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები მინსკის შეთანხმების ფარგლებში, იგივეს გააკეთებენ ჩვენი უკრაინელი მეგობრებიც და ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამას. ეს არის საუკეთესო გზა უკრაინაში განახლებული კრიზისის თავიდან ასაცილებლად", – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის: ბლინკენი დღეს ეუთო–ს მინისტერიალის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდა და სახელმწიფო მდივანმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია აშშ–ისა და მისი მოკავშირეებისგან უპასუხოდ არ დარჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S