
ილია მეორე – რუსეთის პატრიარქს: "მადლობას გიხდით, რომ აღიარებთ საქართველოს ტერიტორიებს – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც საქართველოს და ქართული ეკლესიის განუყოფელ ნაწილს"
02/12/2021 12:26:46 საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს 75-ე დაბადების დღეს ულოცავს. წერილში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს, საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მადლობას უხდის მისი პოზიციისთვის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ და ასევე, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში მონაწილეობისთვის.
"მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენ და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას იმის გამო, რომ პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, საეკლესიო კანონების გათვალისწინებით, თქვენ აღიარებთ საქართველოს ტერიტორიებს – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც საქართველოს და ქართული ეკლესიის განუყოფელ ნაწილად. ჩვენ და ჩვენი ხალხი თქვენი მადლიერები ვართ იმის გამოც, რომ თქვენ მონაწილეობთ ჩვენი ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქეების გათავისუფლების პროცესშიც. რასაკვირველია, კვლავ არსებობს პრობლემები და გადაუჭრელი საკითხები, მაგრამ არსებობს უკეთესი მომავლის იმედიც. ჩვენი კეთილგანწყობა თქვენდამი გულწრფელია", - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ოკუპირებულ აფხაზეთს თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს, ასე თვლის მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის – მოსკოვის საპატრიარქო.