Accentnews.ge
მოჰყვება თუ  არა რაიმე შედეგი ირანთან ბიბილოვის კეკლუცს

მოჰყვება თუ არა რაიმე შედეგი ირანთან ბიბილოვის კეკლუცს

17/05/2019 10:57:43 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ირანის ხელისუფლებას სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის გამოყენება შესთავაზა. ეს წინადადება მან ცხინვალში ჩასული ირანელი და ლათინოამერიკელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.




„რუსეთი აცხადებს: თუ ირანმა ყველა მოთხოვნა შეასრულა, რატომ უნდა იყოს გამოყენებული მის მიმართ სანქციები. ამ კონტექტსში სამხრეთ ოსეთის გავლით თანამშრომლობაც ირანის მიმართ სანქციების ფაქტორი შემცირებას შეუწყობდა ხელს. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ ირანთან ურთიერთობა და, რაღა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან, ირანი სამხრეთ ოსეთს აღიარებს“, – განაცხადა ბიბილოვმა და დასძინა, რომ „სამხრეთ ოსეთი ეძებს გზებს დიალოგისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ყველა სახელმწიფოსთან“.

ირანის მხრიდან ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის შესაძლო აღიარების პერსპექტივასთან დაკავშირებით რუს ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მოვლენათა მსგავსი განვითარების მტკიცე რწმენა არც ერთ მათგანს არ გააჩნია.

პოლიტოლოგ ალექსეი მალაშენკოს განცხადებით, „ახლა ისეთი დროა, ადამიანს არაფერი უნდა გაგიკვირდეს, თუმცა ამერიკისგან განსხვავებით, ევროპის გაღიზიანება ირანს ნამდვილად არ აწყობს და ნაკლებ სავარაუდოა, მსგავსი ნაბიჯი გადადგას“:



„მესმის, რომ ირანი ამჟამად ამერიკას ედიდგულება და ამ ფონზე ძნელია, მისი მხრიდან რამე გამორიცხო დანარჩენი მსოფლიოს გასაღიზიანებლად. თუმცა, მეორეს მხრივ, ამერიკელების გაღიზიანების მცდელობა ერთია, ხოლო ევროპის – სულ სხვა და არ მგონია, გარისკონ თავისი ურთიერთობებით ევროპასთან, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღიარების წინააღმდეგია“.

მისი კოლეგა ნიკოლაი სილაევი ირანის მხრიდან ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის აღიარებას არ ელის, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში მსგავს პერსპექტივას ვერ ხედავს. პოლიტოლოგი მიუთითებს, რომ აღიარებების ისტორიებში ყოველთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი:



„რატომ აღიარებს ზოგიერთი ლათინური ქვეყანა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს? - ეს მათი მხრიდან აშშ–ის მისამართით ერთგვარი გზავნილია. ისინი არაფრით რისკავენ, არაფერს კარგავენ, რადგან მათთვის საქართველოსთან ურთიერთობები საკმარისად მნიშვნელოვანი არ არის და ამის გათვალისწინებით, ცდილობენ, მათთვის რისკის გარეშე უჩვენონ აშშ–ს საკუთარი დამოუკიდებლობა, რუსეთს კი – მხარდაჭერა. რაც შეეხება ირანს, ნაკლებ სავარაუდოა, აშშ–ირანის ურთიერთობების გამწვავებამ ამ უკანასკნელის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რაიმე სიახლე გამოიწვიოს: ირანს ეს დიდს ვერაფერს მისცემს, რადგან რუსეთთან ისედაც ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გააჩნია, ხოლო სამეზობლოში ხისტი მოძრაობების შესრულება ნაკლებად აწყობს“.

ირანის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმას არც ქართველი კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ელის.



„რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს ხშირად იყენებს გარკვეული ფინანსური ტრანზაქციებისთვის. ასეთი სქემა მუშაობს: მაგალითად, საჭიროა თანხის გადარიცხვა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის; იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი მათ ოფიციალურად არ აღიარებს, ფინანსური სახსრების ტრანზაქცია რთულია. სამაგიეროდ რუსეთი აღიარებს "სამხრეთ ოსეთს", ის კი, თავის მხრივ - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს და რუსეთი “სამხრეთ ოსეთს” ამ კონტექსტში ძალიან ხშირად იყენებს. რაც შეეხება ირანის მიერ "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარებას და ამ რეგიონის თანხის შემოვლითი გზით გადარიცხვისთვის გამოყენებას, აქამდე ირანი საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის კორექტულად იქცეოდნენ და ეჭვი მეპარება, ამ მიმართულებით რაიმე შეიცვალოს”,– განუცხადა „აქცენტს“ კანაშვილმა.

მისივე განმარტებით, აქ საქმე მხოლოდ ურთიერთობას და ირანის საქართველოსადმი დამოკიდებულებას არ ეხება:

“ირანს თავად მრავლად აქვს სეპარატიზმის პრობლემები. პრინციპში, ირანი დაფუძნებულია ეთნიკურ მრავალფეროვნებაზე და ამ მრავალფეროვნების წარმატებით მართვაზე. ამდენად, ისინი სეპარატიზმის წახალისებას არსად ახდენენ“.

ცნობისთვის: 

  • საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთის კვალდაკვალ მისმა მოკავშირეებმა ვენესუელამ და ნიკარაგუამ, ასევე კუნძულოვანმა ნაურუმ აღიარეს, 2018 წელს კი მათ სირიის კრემლის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმი მიჰყვათ.
  • საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2011 წელს კუნძულოვან ვანუატუსა და ტუვალუსაც ჰქონდათ აღირებული, თუმცა მოგვიანებით მათმა ხელისუფლებებმა ეს გადაწყვეტილება გააუქმეს.
  • ასევე აპირებს აღიარების გადაწყვეტილების გაწვევას ვენესუელის სათავეში მოსვლის შემთხვევაში ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი ხუან გუაიდო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S