
"ოკუპაციის პირობებში გარანტიები არ არსებობს"
16/08/2019 16:26:32 კონფლიქტები, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ამ დროისთვის გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლების პროცესი შეჩერებულია, თუმცა უცნობია, ეს დროებითა, თუ ისევ განახლდება, როგორც 7 და 14 აგვისტოს შემთხვევაში. შესაბამისი კითხვით ჟურნალისტებმა ბრიფინგზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მიმართეს, მან კი განაცხადა, რომ
"ოკუპაციის პირობებში გარანტიები არ არსებობს. არსებობს მუდმივი ძალისხმევა, სახელმწიფოს მუდმივი მონდომება". საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი სეჩერების აქტს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებს.
ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაწევ დახმარებაზე ისაუბრა. მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფოს გამოკვეთილი სურვილი აქვს ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმაროს, თუმცა კონკრეტულ ოჯახებთან მიმართებაში კონკრეტული დახმარების ფორმებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„ორი ნაწილი აქვს ამ ყველაფერს, ერთი არის, რომ კონკრეტულ პირებთან, ამ შემთხვევაში რაზმაძეს და გუგუტიშვილს ვგულისხმობ , განისაზღვროს, რა ზომები შეიძლება გატარდეს იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ხდება. რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახს დევნილის სტატუსი აქვს და თავის დროზე მათი სახლების დაბომბვის გამო მათ მიიღეს კომპენსაცია. ეს არ მომხდარა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ბუნებრივია, სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯი. ანუ, უშუალოდ გუგუტიშვილისა და რაზმაძის ოჯახთან დაკავშირებით, მე გუშინაც, დღესაც მქონდა კონსულტაციები, როგორც ადგოლობრივ თვითმმართველობასთან, ასევე შესაბამის სხვა უწყებებთან. ძალიან გამოკვეთილი სურვილია, რომ მათ დავეხმაროთ. რა ფორმას მიიღებს ეს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ აქვთ დევნილის სტატუსი, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მათაც ჰქონდათ გარკვეული ხედვები, როგორ შეიძლება უფრო ეფექტური იყოს დახმარება იმ პირობებში, როცა ამ ოჯახებს სხვა ოჯახების მსგავსად, რომელთაც სახლები დაუზიანდათ და ვეღარ აგრძელებენ იქ ცხოვრებას, თავის დროზე ჰქონდათ გარკვეული კომპენსაცია მიღებული“,-აცხადებს ციხელაშვილი.
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპციის პირობებში იმის გარანტია, რომ ოუკუპანტები ადგილზე მოქმედებებს აღარ გააგრძელებენ არ არსებობს. ციხელაშვილის თქმით, მთავარია,რომ ადგილზე არ მოხდეს ვითარების ესკალაციის პროვოცირება, რითაც მოსახლეობა დაზარალდება.
„გარანტია ოკუპაციის პირობებში, ძალიან დიდი ბოდიში, არ არსებობს. მაშინ იქნება ეს საკითხი ამოწურული, როდესაც ჩვენ მივაღწევთ მთავარ მიზანს-საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას და თითოეული სანტიმეტრი ამ მავთულხლართების დაიშლება ასევე მშვიდობიანად. ამიტომ ოკუპაციის პირობებში გარანტიები არ არსებობს. არსებობს მუდმივი ძალისხმევა, სახელმწიფოს მუდმივი მონდომება და მე მგონია, რომ უნდა იყოს საზოგადოებისაც და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, თუ მთლიანად არა, არის ძალიან ჩართული და იზიარებს ამ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ ეს პროცესი შევაკავოთ, არ მივცეთ იმის საშუალება, რომ რაიმე ტიპის პროვოცირება მოხდეს ესკალაციის და ჩვენი მოსახლეობა დამატებით არ დაზარალდეს“,-აცხადებს ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროცესი სეჩერდა, თუმცა 14 აგვისტოს განახლდა და დასრულდა კიდეც. შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ადგილობრივების ნაკვეთები და ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლებიც. ოკუპანტებმა მათ სამდღიანი ვადა მისცეს სასურველი ნივთების გასატანად. ამ დროისთვის მოქალაქეები საკუთარ სახლებს თავად შლიან, რადგან სამ დღეში ტერიტორიაზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები.
იხილეთ ასევე: ელჩები მავთულხლართებთან და ადგილობრივების თხოვნა