"მოსკოვის მხრიდან ნებისმიერ მომავალ აგრესიას ექნება სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რუსეთისთვის"
01/12/2021 14:07:00 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან ნებისმიერ მომავალ აგრესიას ექნება სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რუსეთისთვის. ამის შესახებ მან ნატო-ს მინისტერიალის დასასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რუსეთი აგრძელებს აგრესიულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებს მისი მეზობლების წინააღმდეგ და სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის უკრაინასა და უკრაინის გარშემო. ნატო უნდა იყოს ფხიზლად და აიცილოს ესკალაცია. მინისტრებმა მკაფიოდ თქვეს, რომ რუსეთს ნებისმიერი მომავალი აგრესიის გამო მოუწევს მაღალი საფასურის გადახდა და ამას ექნება სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს დიდი ხნის და ახლო პარტნიორები. მათ წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში, ოპერაციებში და მიისწრაფვიან წევრობისკენ. მინისტრებმა მკაფიოდ გაუსვეს ხაზი, რომ ჩვენ გადაწყვეტილებების ერთგული ვართ. ჩვენი მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, გავაძლიეროთ ორივე ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენ უკვე ვაძლიერებთ შესაძლებლობებს, რომ მათ თავდაცვისუნარიანობა განამტკიცონ, ერთად ვატარებთ ტრენინგებს და სწავლებებს. ვაწვდით საზღვაო მხარდაჭერას და ვცვლით ინფორმაციას. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით რეფორმების წინ წაწევის მნიშვნელობას, რათა განმტკიცდეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ვებრძოლოთ კორუფციას, გაგრძელდეს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორების გარდაქმნა. ეს რეფორმები გადამწყვეტია, რათა საქართველო და უკრაინა იყოს უფრო ძლიერი და მედეგი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


