უკრაინა ნატო–ს მოუწოდებს, მოამზადოს სანქციები რუსეთის შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად
01/12/2021 11:43:29 მსოფლიო
უკრაინა ნატოს მოუწოდებს, მოამზადოს სანქციების პაკეტი რუსეთის შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად და კიევთან სამხედრო თანამშრომლობა გაზარდოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რიგაში მიმდინარე მინისტერიაზე განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ მოკავშირეებს რომ შეუერთდნენ უკრაინას რუსეთის შემაჩერებელი სანქციების პაკეტის შექმნაში. ამ ახალი შეთანხმებების პაკეტის ფარგლებში ნატომ უნდა მოამზადოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გადაწყვეტს აირჩიოს „ყველაზე უარესი სცენარი". დარწმუნებულები ვართ, რომ თუ გავაერთიანებთ ძალებს და ვიმოქმედებთ კოორდინირებულად, ჩვენ შევძლებთ პრეზიდენტი პუტინის შეჩერებას და გავუქრობთ ამ საშინელი სცენარის - სამხედრო ოპერაციის განხორციელების მოტივაციას“, - განაცხადა კულებამ.
მედიაში უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ცნობებით, ამერიკის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრას არ გამორიცხავს. მოსკოვმა იერიში შეიძლება, დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან, – აცხადებენ Bloomberg-ს წყაროები. ვარაუდობენ, რომ იერიშში მონაწილეობას მიიღებს 100 ჯგუფი, საერთო ჯამში 100 000–მდე ჯარისკაცი. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხის შესახებ ოფიციალური კიევიც აცხადებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ინტერვენცია შეიძლება, 2022 წლის იანვარში ან თებერვალში დაიწყოს.
ინტერვენციის საფრთხის გარდა, დასავლეთის მედიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი შეიძლება, შეეცადოს, ქვეყანაში დათესოს ქაოსი, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის ხელმძღვანელობის პრორუსულით შეცვლა მოჰყვეს.
კრემლში აცხადებენ, რომ მოახლოებული ინტერვენციის შესახებ ცნობები ტყუილია და არ გამორიცხავენ, რომ ესაა „კამუფლაჟი აგრესიული მიზნების შესანიღბად“. ამასთან რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს "დონბასში ვითარების მოგვარებასთან დაკავშირებული შეთანხმებებიდან ფაქტობრივ გასვლაში" და ქვეყანაში ნატო–ს სამხედრო წარმოდგენილობის გაძლიერებას უწოდებს „წითელ ხაზს“, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება".


