Accentnews.ge
ზალკალიანი გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" შეჩერებას სახელმწიფოს ქმედებას უკავშირებს

ზალკალიანი გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" შეჩერებას სახელმწიფოს ქმედებას უკავშირებს

16/08/2019 13:57:24 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ დროისთვის გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. კერძოდ, როგორც ზალკალიანი ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ, სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

„გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის დაწყებისთანავე, სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან კოორდინაციის რეჟიმში, აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და გააკეთა ყველაფერი ადგილზე სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებიც მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ადგილზე ვითარების მიმდინარეობას. კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა საგანგებო ბრიფინგზე.

როგორც მინისტრი ამბობს, საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პოზიცია არის დიპლომატიური ზეწოლის მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედების შეჩერების პროცესში.

„7 აგვისტოსვე გაკეთდა პირველი ოფიციალური განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათ დეტალურად ეცნობათ ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო პროცესთან დაკავშირებით. 8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში. იმავე დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა შესაბამისი განცხადებები უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით. ასევე, 7,8 9 აგვისტოს ჩვენ გავააქტიურეთ ორმხრივი არხები იმისთვის, რომ ყველა დედაქალაქის მხრიდან მოგვესმინა აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით შეფასებები. ცხადია, ეს ყველაფერი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროცესი სეჩერდა, თუმცა 14 აგვისტოს განახლდა და დასრულდა კიდეც. შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ადგილობრივების ნაკვეთები და ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლებიც. ოკუპანტებმა მათ სამდღიანი ვადა მისცეს სასურველი ნივთების გასატანად. ამ დროისთვის მოქალაქეები საკუთარ სახლებს თავად შლიან, რადგან სამ დღეში ტერიტორიაზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. 

იხილეთ ასევე: ელჩები მავთულხლართებთან და ადგილობრივების თხოვნა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S