
ადგილობრივებმა ლოპოტას ხეობაში კომპანიას ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს
30/11/2021 13:20:12 საზოგადოება
ლოპოტას ხეობაში კოპნაიამ ჰესის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება სცადა. ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ წარმომადგენლებს ამის საშუალება არ მისცეს.
ქართულ-იტალიური კომპანია "ართანა ლოპოტას" წარმომადგენლებმა, მცირე რაოდენობის ტექნიკა და სამშენებლო მასალა ხეობაში დღეს შეიტანეს. დაახლოებით, ნახევარ-საათიანი კამათის შემდეგ, კომპანიამ ხეობა დატოვა.
ცნობისთვის: ლოპოტას ხეობაში პროექტის განხორციელებაზე კომპანიამ ნებართვა 2019 წელს მიიღო. ურეზერვუარო, მცირე ჰესის მშენებლობაზე 2020 წლის ოქტომბრამდე კომპანიას ჯამში 10 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, შედეგად კი წლიურად 25 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგია მიეღო.
ჰესის მშენებლობას ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება და სოფელ ლაფანყურთან სადღეღამისო მორიგეობის პუნქტი აქვს მოწყობილი. სამშენებლო სამუშაოები ხეობაში წლებია, შეჩერებულია.