Accentnews.ge
"ომიკრონის" აღმოჩენის შემდეგ ჯანმო კორონავირუსის მკურნალობის გაიდლაინებს ცვლის

"ომიკრონის" აღმოჩენის შემდეგ ჯანმო კორონავირუსის მკურნალობის გაიდლაინებს ცვლის

30/11/2021 08:04:41 საზოგადოება

"ომიკრონის" შტამის აღმოჩენის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მკურნალობის გაიდლაინებს ცვლის. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობისა და ჯამო–ს ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს შეხვედრიდან ირკვევა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ ონლაინ შეხვედრა გამართეს და „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი „ომიკრონი“, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს.

„განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებაში თუ რა ხედვა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ამ შტამთან მიმართებაში, მნიშვნელოვანი რჩება გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნული შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის ეფექტურობაც. მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ეფექტური საშუალებები, რომლებიც დღესდღეობით ჩვენ გაგვაჩნია კვლავ ძალაშია და ეს არის ვაქცინაცია, "ბუსტერის" გამოყენება, ასევე რა თქმა უნდა პირბადე და სოციალური დისტანცირება. მნიშვნელოვანი არის, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეს განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანი, არის რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებაში გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ექნება შეხვედრა, რის შემდეგაც ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება:

„ბატონ კლუგეს, 6 დეკემბერს აქვს მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაიდება ახალი მკურნალობის გაიდლაინები, რასაც საქართველო რა თქმა უნდა გაიზიარებს და შესაბამისად, შეიტანს მკურნალობის გაიდლაინებში, რომელიც ეროვნული სტანდარტით ხორციელდება საქართველოში".

ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "ავარიდოთ "ლოქდაუნი". შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს:

"ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ ლოკდაუნს, ეს არის ყველაზე ბოლო ღონისძიება. ჯანმო-ს რეგიონულმა დირექტორმა მოიწონა ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომელიც საქართველოს აქვს, რაც შეეხება 60 წელს ზევით მოსახლეობის წახალისებას, ვინაიდან მისი აზრითაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ამ სეგმენტში იყოს სულ მცირე 90%-მდე, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ იმ წარმატების საწყისი, რითიც ჩვენ შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, რეანიმაციაში პაციენტების განთავსების შემცირებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ლეტალობის მაჩვენებლებზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S