რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება
30/11/2021 06:00:44 მსოფლიო
დღეს და ხვალ რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე საქართველო და უკრაინაცაა მიწვეული.
როგორც მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, შეხვედრაზე დიპლომატები იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და უკრაინის გარშემო რუსული სამხედრო ძალის მობილიზების საკითხზე, ასევე განიხილავენ ბელარუსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ავღანეთის საკითხს.
მისი თქმით, რიგაში ნატო-ს წევრები საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარებასა და რეფორმების საკითხზე:
"საქართველო და უკრაინა ნატო–ს მჭიდრო და ღირებული პარტნიორები არიან. ორივე ისწრაფვის ალიანსის წევრობისკენ. ნატო მათ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევს. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ორივე სახელმწიფოსთან. ალიანსი მინისტერიალზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს უსაფრთხოების მდგომარეობას შავი ზღვის რეგიონში. საქართველოც და უკრაინაც შავი ზღვისპირა სახელმწიფოები არიან. ჩვენ ვნახეთ გაზრდილი დაძაბულობა, ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ, შავ ზღვაში არსებული მდგომარეობის განხილვა, ამ ორ მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად ძალიან დროული და უკიდურესად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება გამახვილებული იქნება რეფორმების განხორციელებაზე. ვფიქრობ, ორივე ასპირანტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილონ რეფორმების განხორციელებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაზე – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რადგან ეს ეხმარება საქართველოს ერთის მხრივ, დაუახლოვდეს ნატო–ს წევრობის საკითხს, მეორეს მხრივ, ამ რეფორმების განხორციელება მათთვისაც ღირებულია. ეს რეფორმები საქართველოსა და უკრაინას უფრო ძლიერს და მდგრადს გახდის. განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვხედავთ რუსეთის ქმედებებს,ძალიან მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი და მდგრადი საზოგადოება“.


