Accentnews.ge
გამოვლინდა თუ არა საქართველოში "ომიკრონის" შტამი

გამოვლინდა თუ არა საქართველოში "ომიკრონის" შტამი

29/11/2021 13:21:23 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ „დელტა“ და დელტა პლუს“ შტამები ფიქსირდება.

„ლუგარის ცენტრში გამოყოფილი ვარიანტების სეკვენირება მუდმივად მიმდინარეობს. როცა ყველა „დელტა“ იყო, შემთხვევითი პრინციპით ხდება გამოკვლევა, მაგრამ როცა ბრიტანული იყო, მაგალითად, იქ იყო, რომ თუ პისიარი სამი გენიდან ორი დადებითია, ერთი უარყოფითია. ამაზეც დაახლოებით ასეთივე პრინციპი იქნება. როცა დადებითია სამი გენიდან ორი, ერთი უარყოფითია. პისიარი ხომ სამ გენზე კეთდება.

ჯერ–ჯერობით რაც არის ჩვენთან, არის „დელტა“ ან „დელტა პლიუსი“. ჩვენ არ გვაქვს ისეთი გაცხოველებული ურთიერთობა სამხრეთ აფრიკასთან, რომ ყველაზე მაღალი რისკი გვქონდეს. ძალიან დაბალი რისკია. ზუსტი პროტოკოლის შემუშავება მიმდინარეობს“.

მისივე თქმით, ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარია:

„რაც ჩანს, უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს და უფრო მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში, თუმცა სიმძიმით არ გამოირჩევა. აქვე უნდა ითქვას, რომ რაც არის ინფორმაცია, ავადმყოფების უმრავლესობა აუცრელი იყო. ალბათ ორი კვირა დასჭირდება, რომ უფრო მეტი სამეცნიერო მტკიცებულება იყოს. რაც გვაქვს ინფორმაცია, არავაქცინურებულთან შედარებით,​ ვაქცინირებულებში ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინები უნდა იცავდეს, მაგრამ ვნახოთ, დრო დასჭირდება“., – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე, რომ სწრაფმა ტესტმა შეიძლება, ვერ დაადასტუროს ახალი შტამი და არ იყოს ეფექტური ანტიგენის ტესტი, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მუშაობა ამ საკითხზეც მიმდინარეობს:

„ჯერ ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა სწრაფი ტესტები არ არის მარტო სპაიკ ცილაზე, რადგან ძირითადი მუტაციები მაინც სპაიკ ცილაშია“.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონი" გლობალურად გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ჯანმო ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

"ომიკრონის" გლობალურად გავრცელების რისკი ძალიან მაღალია."კოვიდ-19"-ის ახალმა შემთხვევებმა შესაძლოა, მოიმატოს, რასაც შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ახალი შტამის შესახებ მიმდინარე კვლევების მონაცემები ხელმისაწვდომი უახლოეს კვირებში იქნება. საჭიროა შემდგომი კვლევა, რათა კარგად გავიგოთ შეუძლია თუ არა "ომოკრონს" კოვიდ–გადატანილების ან კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი პირების იმუნიტეტისგან თავის დაღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ერთგვარი გაურკვევლობაა, გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ ამჟამად ხელმისაწვდომი ვაქცინები გვთავაზობენ გარკვეულ დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან. მოვუწოდებთ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, დააჩქარონ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი და პარალელურად, მიიღონ შესაბამისი ზომები საერტაშორისო მოგზაურებთან დაკავშირებით", – აცხადებენ ჯანმო–ში.

რა ვიცით "ომიკრონის" შესახებ ამ დროისთვის

კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია (32) აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა. წინასწარი შეფასებით, კორონავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელებადი იყოს, ვიდრე უკვე ფართოდ გავრცელებული „დელტა“. მეცნიერების განცხადებით, მათ, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე სადღეისოდ არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მედიკოსთა გაერთიანების, SAMA-ს წარმომადგენელთა პირველადი მონაცემებით, ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირებულებს სერიოზული გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა კვლევა ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა.

ვინ რა რეგულაცია დააწესა "ომიკრონის" გავრცელების გამო

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელმა და იაპონიამ უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტეს. ხოლო რამდენიმე სახელმწიფომ აფრიკის რეგიონის 7–8 ქვეყანასთან მიმოსვლა შეზღუდა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.

8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S