Accentnews.ge
რატომ ინარჩუნებს სიმშვიდეს ჩინეთი "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით

რატომ ინარჩუნებს სიმშვიდეს ჩინეთი "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით

29/11/2021 08:22:18 მსოფლიო

იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამის სახელწოდებით „ომიკრონი“ გავრცელების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა დამატებით რეგულაციებს აწესებს, ჩინეთი ამ კუთხით ჯერ–ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ–კონგში „ომიკრონის“ შემთხვევები დადასტურდა, ჩინელი ექსპერტები ქვეყნის სასაზღვრო კონტროლის უკვე არსებული ზომების მიმართ სრულ ნდობას გამოხატავენ.

რესპირატორული დაავადებების მთავარი ექსპერტი და ჩინეთის მთავრობის მრჩეველი კორონავირუსის მართვის საკითხებში ​ჟონგ ნანშანი აღნიშნავს, რომ "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით "ჩინეთი რაიმე არსებითი ქმედების განხორციელებას არ აპირებს".

კიდევ ერთი მეცნიერი, ინფექციური დაავადებების ექსპერტი ჟანგ ვენფონგი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ერთ–ერთ ყველაზე სანდო სპეციალისტად არის აღიარებული კორონავირუსის მართვაში, აცხადებს, რომ "ომიკრონს ამ დროისთვის ჩინეთზე დიდი გავლენა არ ექნება".

"სადღეისოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციები ყველა ტიპის ახალ შტამს გაუმკლავდება", – აცხადებს ვენფონგი.

ჩინეთში დაწესებული სასაზღვრო შეზღუდვები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია მსოფლიოში, სადაც უცხოელი ვიზიტორების უმეტესობას დაწყებული ტურისტებიდან, დამთავრებული სტუდენტებამდე, ჩინეთში შესვლა აკრძალული აქვთ. ადამიანთა იმ მცირე ჯგუფმა კი, რომელსაც ქვეყანაში შესვლის უფლება აქვს, 14– დღიანი მკაცრი კარანტინი უნდა გაიაროს და ეს შეიძლება, 28 დღემდეც გაგრძელდეს.

როგორც CNN წერს, რამდენად დაცულია ჩინეთი კორონავირუსის ახალი ვარიენტებისგან ეს დავის საგანია, რადგან "დელტას" ვარიანტმა არაერთხელ გამოიწვია ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

"ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ კორონავირუსის მიმართ ქვეყნის მკაცრი პოლიტიკა მის პოლიტიკურ ლეგიტიმაციას დაუკავშირა და არაერთხელ განაცხადა, რომ პანდემიის მართვაში მას დასავლურ დემოკრატიებზე, განსაკუთრებით აშშ–ზე გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს. თუმცა ჩინეთის ამჟამინდელი სტრატეგია ასევე განპირობებულია წმინდა აუცილებლობით, რადგან ჩინეთი უბრალოდ ვერ ახერხებს საზღვრების გახსნას უფრო ეფექტური ვაქცინების ან მკურნალობის გარეშე. ქვეყნის პრესტიჟული პეკინის უნივერსიტეტის მათემატიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთში შესაძლოა, დღეში კოვიდ–ინფიცირების 630 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდეს, თუ ის მიატოვებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებით", – წერს გამოცემა.

რა ვიცით "ომიკრონის" შესახებ ამ დროისთვის

კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ნოემბრის მეორე ნახევარში აფრიკის სამხრეთში - ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. „ომიკრონს“, რომელსაც დიდი რაოდენობით მუტაცია (32) აქვს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შეშფოთების გამომწვევი“ სტატუსი მიანიჭა. წინასწარი შეფასებით, კორონავირუსის ეს ვარიანტი შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელებადი იყოს, ვიდრე უკვე ფართოდ გავრცელებული „დელტა“. მეცნიერების განცხადებით, მათ, სულ მცირე, ორი კვირა სჭირდებათ, რათა განსაზღვრონ, რამდენად საშიშია ახალი შტამი და მოქმედებენ, თუ არა მასზე სადღეისოდ არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მედიკოსთა გაერთიანების, SAMA-ს წარმომადგენელთა პირველადი მონაცემებით, ახალი სახეობის ვირუსით ინფიცირებულებს სერიოზული გართულებები არ აღენიშნებათ. თუმცა კვლევა ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა.

ვინ რა რეგულაცია დააწესა "ომიკრონის" გავრცელების გამო

„ომიკრონის“ შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით ისრაელმა და იაპონიამ უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტეს. ხოლო რამდენიმე სახელმწიფომ აფრიკის რეგიონის 7–8 ქვეყანასთან მიმოსვლა შეზღუდა. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც პრევენციულ ზომებს მიმართეს, არიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ინდოეთი, რუსეთი, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნები.

8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რეგულაციები საქართველომაც დააწესა.

ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოტსვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა. საკოორდინაციო საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. შეზღუდვა 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S